თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 11 კორპუსში 2 426 დევნილი ოჯახი
სრულად გარემონტებულ ბინებს მიიღებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს იმ დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდება, რომლებმაც თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი შეავსეს.
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცემათ. მათთვის მინიჭებული ქულების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები დაიწყება.
თვალჭრელიძის ქუჩაზე მშენებარე კომპლექსში უკვე დასასრულს უახლოვდება 4 კორპუსის სარემონტო სამუშაოები. პირველ ეტაპზე აღნიშნულ 4 კორპუსში საცხოვრებელი ფართები იმ ოჯახებს გადაეცემა, რომლებიც მძიმე პირობებში, დევნილთა ე.წ კომპაქტური განსახლების ობიექტებში ფაქტობრივად ცხოვრობენ, რაც მონიტორინგის შედეგად დასტურდება. აღნიშნული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია კანონით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით განიხილავს.
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისში ნგრევად შენობებსა და მძიმე პირობებში არცერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს და ასეთი ტიპის ყველა ობიექტი დაიხურება.