Loading data...
თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად თბილისში, დიდუბის რაიონში საახალწლო ნობათების დარიგებაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ჯინჭარაძემ დევნილ ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი სოციალური პროგრამების განხორციელებას, რათა მაქსიმალურად დაეხმაროს დევნილ მოსახლეობას.

აფხაზეთის მთავრობა შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან 2000-ზე მეტ ოჯახს საახალწლო ნობათს გადასცემს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს დღესასწაულების პერიოდში დევნილი ოჯახების მხარდაჭერას.

ნობათების დარიგების პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.