ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ტაილანდი და კამბოჯა 27 დეკემბერს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„ორივე მხარე შეთანხმდა, რომ 27 დეკემბრის 12.00 საათიდან ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა მოხდება“, - განაცხადეს სპეციალური კომიტეტის წარმომადგენლებმა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
დოკუმენტში წერია, რომ ცეცხლის შეწყვეტა ყველა სახეობის შეიარაღებას შეეხება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჯარების ნებისმიერი სახით წინ წაწევა შეჩერდება, ხოლო მოსაზღვრე რაიონების მოსახლეობას სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა ექნება. ტაილანდმა პირობა დადო, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 72 საათს გაგრძელდება, ის კამბოჯას 18 კამბოჯელ სამხედროს დაუბრუნებს.
კამბოჯასა და ტაილანდს შორის დაპირისპირების ახალი ფაზა 8 დეკემბერს დაიწყო, მხარეებმა იმ დღეს საბრძოლო მოქმედებები განაახლეს, რაკეტებისა და არტილერიის გამოყენებით. ოფიციალური ინფორმაციით, 27 დეკემბრისთვის 47 ადამიანი დაიღუპა. 1 მლნ-მდე ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა.