Loading data...
თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.

ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მზარდი დინამიკით გამოირჩევა. 2025 წელს საქართველომ ჩინეთიდან 100,470 საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც ჩინეთის ბაზრიდან მოთხოვნის სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს.

China Eastern Airlines მესამე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე უკვე წარმატებით ოპერირებენ ჩინეთის კიდევ ორი უმსხვილესი ავიაკომპანია – Air China და China Southern Airlines. ორივე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისსა და ურუმჩის შორის ასრულებს, ხოლო Air China მგზავრებს ურუმჩის გავლით პეკინში გამგზავრების შესაძლებლობასაც სთავაზობს.