Loading data...
თბილისის საკრებულო სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებს განმარტავს

თბილისის საკრებულო „ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ განმარტებებს აკეთებს.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეფუძნა და აღნიშნული ცვლილებები 18 წლამდე შშმ პირებისთვის საცნობი ნიშნის გასაცემად საჭირო დოკუმენტების წარდგენას არ შეხებია. შესაბამისად, არასრულწლოვანების კანონიერი წარმომადგენლები საცნობი ნიშნის მისაღებად სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ისევ იმ დოკუმენტებს წარადგენენ, რომლებსაც საკრებულოს მიერ განხორციელებული ცვლილების ამოქმედებამდე წარადგენდნენ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას და განვმარტოთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცვლილებები სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ შესაბამის დადგენილებაში განხორციელდა და დაეფუძნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა. საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის მიზნისთვის შესაბამისი პირები ერთმანეთთან გათანაბრებულნი უნდა იყვნენ არა მათთვის მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, არამედ სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის რეალური საჭიროების მიხედვით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომლის ქმედუნარიანობის შეზღუდვა გამოხატულია მნიშვნელოვნად ან ზომიერად, შესაძლებელია აღენიშნებოდეს იმგვარი ფიზიკური შეზღუდვა, რომელიც საჭიროებს გადაადგილებისთვის/პარკირებისთვის სპეციალური პირობების შექმნას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომზადდა საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, წესის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საკრებულო აცხადებს, რომ ცვლილებები არასრულწლოვანებზე საცნობი ნიშნის გაცემის წესს (მე-11 მუხლის მეორე პუნქტს) არ შეხებია და შესაბამისად ის დარჩა უცვლელი.

„სრულწლოვანებზე საცნობი ნიშნის გაცემის წესი კი შეიცვალა ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით და ნაცვლად მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე შშმ პირებისა, მიეთითა შესაბამისი სამედიცინო ცნობით დადასტურებული პირველი, მეორე ან მესამე ხარისხის გადაადგილების შეზღუდვის მქონე შშმ პირებზე საცნობი ნიშნის გაცემის უფლებამოსილება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ცვლილების თანახმად, კიდევ უფრო გაფართოვდა იმ შშმ პირთა წრე, რომლებსაც სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობა შეეძლებათ“, - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.