Loading data...
თამთა დევდარიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამთა დევდარიანი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში იმყოფებოდა.

უნივერსიტეტის რექტორ ტიტე აროშიძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ თანამშრომლობის მთავარი მიზანი აგრარული განათლების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერაა.

საუბარი შეეხო პროგრამას „აგროსტიპენდიები“, რომელიც განკუთვნილია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის. პროგრამა ემსახურება ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდას, აგრარული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სოფლის მეურნეობის სექტორში კვალიფიციური კადრების მოზიდვას.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და აგრარულ განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვას. მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო აღრმავებს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას“, — აღნიშნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამთა დევდარიანმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი ბადრი გეჩბაია, ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, აგრარული მიმართულების სტუდენტები და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას აგრარული განათლების პოპულარიზაციის და ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მიმართულებით.