თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია, გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ეს, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია.
„სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია. მეხანძრე-მაშველების მიერ საერთო ჯამში საბედნიეროდ ხუთი მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში, მინდა მათ ოჯახებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, არის მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მძიმე მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის.
ამ დროისთვის გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტიკური მტკიცებულებების ჩართულობით ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვების მიზნით.
მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში. აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა.
მინდა მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მთელი დღის განმავლობაში თანამშრომლობისთვის, რომ მოქალაქეებს, საზოგადოებას ჰქონდათ შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინათ მოვლენებისთვის“, - აცხადებს სულხან თამაზაშვილი.
ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. „უსინათლოთა დასახლების“ 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.
დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.
მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.