თამარ ზოდელავა: ახალი კონკურსი 2026 წელს გამოცხადდება, ჩვენი მიზანია, ბევრი კარგი საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყოს მხარდაჭერილი და მათ გრძელვადიანად ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი იდეებისთვის
ახლა მიმდინარეობს მეორე, უფრო დიდბიუჯეტიანი საგრანტო კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ სამოქალაქო ინიციატივის, ანუ საპროექტო იდეის მხარდაჭერას, ასევე თავად ორგანიზაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, - ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ თამარ ზოდელავამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც თამარ ზოდელავამ აღნიშნა, ინიციატივის მიზანი არის, რომ ეს ორგანიზაციები არა ერთჯერადად დაფინანსდეს, არამედ მათ გრძელვადიანად ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი იდეებისთვის.
„პირველ შემთხვევაში საგრანტო კონკურსის მთავარი ამოსავალი იყო სწორედ სამოქალაქო ინიციატივა, მაგრამ მეორე შემთხვევაში, 700 ათას ლარამდე გრანტზე არის ის, რომ თავად ორგანიზაცია განვითარდეს, ჰყავდეს თავისი მუდმივი გუნდი, ჰქონდეს სტრუქტურები, წესები, ასევე ანგარიშვალდებულების ნაწილში შექმნას სოციალური მედია, ვებგვერდი და ეს მხარდაჭერაც მოიპოვოს. შესაბამისად, როდესაც ასეთი ტიპის გრანტს მოიპოვებს ორგანიზაცია, თავად განვითარდება და პროექტსაც განახორციელებს. ახალი კონკურსი 2026 წელს გამოცხადდება. ჩვენი მიზანია, ბევრი კარგი საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყოს მხარდაჭერილი. მომავალ წელს შევთავაზებთ სასწავლო მოდულსაც იმისათვის, რომ სრულყოფილად ჩამოაყალიბონ დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა საგრანტო დოკუმენტაცია“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.