Loading data...
ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე - ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესია

„ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ზუგდიდის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესია ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მეორე მხრივ, უდიდესი შეცდომაა ის აგრესია და ლანძღვა, რაც ეკლესიისა და მეუფის მისამართით წამოვიდა.

„გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს...​პირველ რიგში, უდიდეს თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახს. შვილის დაკარგვა გაუნელებელი ტკივილია და უფალმა მისცეს ოჯახს სულიერი ძალა ამ უმძიმესი განსაცდელის გადასატანად.

​მეორე მხრივ, უდიდესი შეცდომაა ის აგრესია და ლანძღვა, რაც ეკლესიისა და მეუფის მისამართით წამოვიდა.​

ეკლესიას აქვს საუკუნოვანი ტრადიცია, წესი და კანონები, რომელთაც სასულიერო პირი საკუთარი სურვილით ვერ შეცვლის.

ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე, როგორც ამას უსაფუძვლოდ წარმოაჩენენ ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წევრი.

ეკლესიისგან იმის მოთხოვნა, რომ საკუთარ სწავლებას გადაუხვიოს, უბრალოდ არასწორია.​ მედია სივრცეში თუ სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინებითა და ცილისწამებით გარდაცვლილის სულს ვერაფრით დავეხმარებით. თუ მართლა გვინდა თანადგომა, სოციალურ ქსელებში აგრესიის ფრქვევას სჯობს, ყველამ, ვისაც გული შესტკივა, ვილოცოთ მისი სულისთვის და ღმერთს წყალობა ვთხოვოთ.​

ღმერთმა გააძლიეროს ოჯახი ამ უდიდეს განსაცდელში და მოგვცეს ყველას გონიერება და სიბრძნე, რათა სწორად განვსაჯოთ ასეთი სენსიტიური საკითხები და ვიყოთ მეტად წინდახედულები“, - აღნიშნულია განცხადებაში.