Loading data...
სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სოფელ კუსრების დამეწყრილი ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორის, ლაშა გეგეჭკორის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კუსრების დამეწყრილი ზონიდან ძაღლები გამოიყვანეს.

მისივე ცნობით, ძაღლები გადაყვანილია ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში და გატარდება პატრონის მოძიების ღონისძიებები. სტიქიური უბედურების ზონიდან გამოყვანილ ძაღლებზე სურსათის ეროვნული სააგენტო იზრუნებს იმ დრომდე, ვიდრე მათი პატრონები არ იქნებიან საკუთარი საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტისა და ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მეწყრულ ზონაში დარჩენილი შინაური ცხოველები გამოიყვანეს.

ცხოველების გამოყვანა განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც იდენტიფიცირების პროცესშიც იყვნენ ჩართულნი. 

ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟები ცხოველებს ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც, ზრუნვის პარალელურად, მეპატრონის სურვილის შემთხვევაში, მათ ჩაუტარდებათ ვეტერინარული მანიპულაციები. ცხოველები დაუბრუნდებიან პატრონებს“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი 12 მარტს განვითარდა. სტიქიამ 15 სახლი დაანგრია. დააზიანა გზა და სოფლის სასაფლაო. მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა.