სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.