შს მინისტრმა, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადობრივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ. გეკა გელაძემ და ვანგ სიაოხუნგმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის აქტიურად გააგრძელოს მუშაობა ჩინელ კოლეგებთან ერთად, რათა თანამშრომლობის არსებული მექანიზმები კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს. მხარეებმა, ასევე, გამოხატეს მზაობა, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ ჩინელ კოლეგას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.