შიო მესამე: სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობით ვიღებთ, ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა
გილოცავთ სულთმოფენობის და ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს. ამ სულიწმიდის მადლს საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით, ტაძარში ერთობლივ ლოცვებსა და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მეშვეობით ვიღებთ, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სულთმოფენობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
მისი თქმით, ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი სწორედ სულიწმიდის მადლის მოხვეჭაა.
„ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს სულიწმიდის მადლი. დღეს შეუძლებელია, რომ არ გავიხსენოთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც მთელს ჩვენს ერს დაუტოვა ეს დიდებული ტაძარი, რომელსაც იგი საქართველოს ავტოპორტრეტს ეძახდა, სამართლიანად უწოდებდა ასე და რომელმაც ისეთი ღვაწლი მოიხვეჭა და ისე აღივსო სულიწმიდის მადლით, რომ მისი ღვაწლი ჭეშმარიტად სამოციქულო მასშტაბის არის, რაც გამოჩნდა მისი გარდაცვალების და დაკრძალვის დღეებში. თითქმის მთელი საქართველო, მოქცეული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, იყო მოსული მისთვის მადლიერების და სიყვარულის გამოსახატავად“, - აღნიშნა შიო მესამემ.