შიო მესამე: ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებით, მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ ჩვენს საქმესა და წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მეცხრამეტე კვირას, ქადაგებისას ღვთის ლოცვა-კურთხევის მნიშვნელობასა და ძალაზე ისაუბრა.
მეუფე შიოს თქმით, მრავალი ადამიანი წლების განმავლობაში შრომობს, თუმცა წარმატებას ვერ აღწევს, რადგან ყოველი საქმის დაწყების წინ ღმერთი ავიწყდება და მას შეწევნას არ სთხოვს.
„ჩვენს ცხოვრებაშიც ასე გვემართება ხშირად: მრავალი ჩვენგანი დიდხანს, წლების განმავლობაში შრომობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს და უკვირთ ეს. არაერთხელ გაგვიგონია ასეთი სიტყვები.
რა არის ამის მიზეზი? ის, რომ გვავიწყდება ღმერთი; გვავიწყდება, ყოველი საქმის დაწყების წინ ღმერთს ვთხოვოთ ლოცვა-კურთხევა ამ საქმეზე, მივანდოთ ეს საქმე უფლის ნებასა და წყალობას, შევთხოვოთ შეწევნა. ამას არ ვაკეთებთ და ამიტომ გვემართება ყოველგვარი მარცხიც და წარუმატებლობაც.
ამაზე წერს წმინდა იაკობ მოციქული: „გსურთ და არ გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ; ითხოვთ, მაგრამ არ გეძლევათ, იმიტომ, რომ არასწორად, ბოროტად, თქვენი ვნებების დაკმაყოფილებისთვის ითხოვთ“ (იაკ. 4, 2-3).
ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ჩვენი ღვთისმოშიში ცხოვრებითა და მხურვალე ლოცვებით მოვიზიდოთ ყოველ საქმესა თუ წამოწყებაზე ღვთის ლოცვა-კურთხევა.
სახარება მოგვითხრობს, რომ მოციქულები - პეტრე, იაკობი და იოანე - მთელი ღამე თევზაობდნენ, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს. როდესაც მათ იესო ქრისტეს ლოცვა-კურთხევით მოისროლეს ბადე, იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები იხეოდა და ორივე ნავი ისე აავსეს, ლამის იძირებოდნენ. როდესაც მოციქულებმა ასეთი დიდი შემოსავალი მიიღეს, არ მოიხიბლნენ ამ სიმდიდრით, არ მიეჯაჭვნენ გულით მატერიალურ სიკეთეებს, არამედ მიატოვეს ყველაფერი და შეუდგნენ უფალს. ესეც დიდი მაგალითია იმისა, რომ როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ და ეს არ გახდეს მთავარი ჩვენს ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები“, – აღნიშნა პატრიარქმა.