შიო მესამე: კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობის პერიოდში ვერცერთმა ქარიშხალმა ვერ შეარყია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი, მართავდა ეკლესიის ხომალდს ურყევი რწმენით და შემართებით და დაგვიტოვა გამართული, გაძლიერებული და გამრავლებული ეკლესია
„კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობის პერიოდში ვერცერთმა ქარიშხალმა ვერ შეაშინა, ვერ შეარყია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი, მართავდა ეკლესიის ხომალდს ურყევი რწმენით და შემართებით და ჩვენ, ყველას, მის სულიერ შვილებს, დაგვიტოვა გამართული, გაძლიერებული და გამრავლებული ეკლესია“- განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ სულთმოფენობიდან მეცხრე კვირას, ილიაობის დღესასწაულზე ქადაგებისას.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ყოვლადსამღვდელონო, მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ილიაობას!
დღეს არის წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის ხსენება. დღეს არის ასევე წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენება.
ამ დღეს ყოველთვის ვიკრიბებოდით და ვულოცავდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ანგელოზის დღეს.
ეს სამი დიდი მოღვაწე, რომლებიც ჩამოვთვალე, ცხოვრობდა სრულიად სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა დროს, მაგრამ მათ აერთიანებდა მთავარი რამ – ისინი იყვნენ სულიერი წინამძღოლები თავიანთი ერების, ხალხების, დიდი მოშურნეობით იცავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და წინ აღუდგნენ სულიერ და ეროვნულ ღირებულებებთან მებრძოლ ძალებს. შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულეს ამ ღირებულებების გადარჩენის საქმეში.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის, ვინაიდან დღეს აღინიშნება თხოთის მთაზე მომხდარი სასწაული, რომელიც შეემთხვა წმინდა მოციქულთა სწორ მეფე მირიანს. როგორც გახსოვთ, სწორედ ამ სასწაულმა განაპირობა მისი მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე; ამ სასწაულის მერე გადაწყვიტა მან გაქრისტიანება და შემდეგ ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად.
ამ დიდი მოვლენის 1700 წლისთავს აღვნიშნავთ ამ წელიწადს. ამდენად, ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენთვის, ყველასთვის.
ბევრი რამის თქმა გვინდა დღეს მის უწმინდესობასა და უნეტარესობაზე, მის ღირსებებზე, მის თვისებებზე. ამ დღეს ჩვენ ყოველთვის ამას აღვნიშნავდით დიდი მადლიერებითა და სიყვარულით, მაგრამ თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო მის განსაკუთრებულ თვისებებზე მისი ცხოვრებიდან, მისი ღვაწლიდან, რომლებიც საოცრად ეხმიანება დღეს წაკითხულ სახარებას.
დღეს თქვენ მოისმინეთ ეპიზოდი ზღვაზე სვლის სასწაულის შესახებ. როდესაც მაცხოვარმა ხუთი პურით და ორი თევზით დააპურა ხუთი ათასი კაცი, „თვინიერ ქალებისა და ბავშვებისა“, – როგორც სახარება აზუსტებს (მთ. 14, 21), – შემდეგ ეს ხალხი გაუშვა, დაითხოვა და მოციქულებს უბრძანა, გენესარეთის ზღვა გადაეცურათ მის გარეშე, გენესარეთში მისულიყვნენ, ის კი დარჩა განმარტოებით სალოცავად.
შუაღამეს ატყდა საშინელი ქარიშხალი, მოციქულები კი იყვნენ ზღვაში ნავით, რომელიც ძალიან ირყეოდა ქარისაგან, რადგან, როგორც ამბობს მათე მახარებელი, „პირქარი უბერავდა“. უეცრად ისინი ხედავენ, რომ უფალი იესო ქრისტე მათთან მოდის ზღვაზე სვლით და ძალიან შეეშინდათ, იფიქრეს, რომ მოჩვენებას ხედავდნენ, მაგრამ უფალმა უთხრა: „ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ, გამხნევდით!“. პეტრემ უთხრა: „თუ ეს შენ ხარ, უფალო, მიბრძანე, რომ მეც გადმოვიდე ნავიდან და შენკენ წამოვიდე“. „მოდი“, – უთხრა უფალმა. პეტრეც გადავიდა ნავიდან, დაიწყო სიარული, მაგრამ, რომ დაინახა ეს ქარიშხალი, საშინელი ხმაური, რომელიც თან ახლდა ამ ქარიშხალს, შეეშინდა, დაიწყო ჩაძირვა და შიშისგან წამოიძახა: „მიხსენ მე, უფალო! შემეწიე!“. უფალმაც უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?!“ – გაუწოდა, მოჰკიდა ხელი, ნავზე აიყვანა და ქარიშხალიც ჩაცხრა. ისინი მაცხოვართან ერთად გავიდნენ გაღმა და მივიდნენ ქალაქ გენესარეთში (მთ. 14, 22-34).
ასეთი ეპიზოდი იყო წაკითხული სახარებიდან, რომელიც უნებლიედ საოცრად გვაგონებს ჩვენს ცხოვრებას, სავსეს ამ ცხოვრებისეული ქარიშხლებით, რომლებიც ეკვეთებიან ჩვენს რწმენას, ჩვენს სინდისს, ჩვენი გულის საუკეთესო მისწრაფებებს და ლამობენ, ჩვენი პატარა ნავი ჩაძირონ.
ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ხსნა არსაიდან არის, მაგრამ დღევანდელი სახარებით უფალი გვასწავლის, რომ ყველანაირ ქარიშხალში, ყველანაირ ღელვაში გაისმის უფალ იესო ქრისტეს ეს მანუგეშებელი, სანუკვარი სიტყვები: „ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ, გამხნევდით!“.
თუ გავიგონებთ ამ სიტყვებს, თუ პეტრეს მსგავსად გავემართებით უფლისკენ, გვექნება მისწრაფება მისკენ, ის აუცილებლად ჩაგვკიდებს ხელს, შემოვა ჩვენს ნავში და გავხდებით მისი თანამგზავრები, ქარიშხალიც აუცილებლად ჩაცხრება და ის მიგვიყვანს მშვიდობიან ნაპირთან; მისი რწმენა, მისი მადლი და ძალა მიგვიყვანს იმ მიზანთან, რისთვისაც ვცხოვრობთ, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი და დანიშნულნი.
ოღონდაც რა უნდა გვქონდეს, ძვირფასო ძმებო და დებო?! – ოღონდაც არ გვიმტყუნოს ამ სულიერმა სმენამ, რათა ყოველთვის გვესმოდეს უფლის ეს სიტყვები: „მე თქვენთან ვარ, გამხნევდით, ნუ გეშინიათ!“.
როდესაც ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ მას საოცრად გამოარჩევდა ეს თვისება – მას არასდროს უმტყუნა ამ სულიერმა სმენამ და ყოველთვის ესმოდა უფლის სანუკვარი სიტყვები: „მე თქვენთან ვარ, გამხნევდით და ნუ გეშინიათ!“.
ის მთელი სიცოცხლე იღვწოდა არა მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ გაეგონა ეს სიტყვები, არამედ მთელ ერს, მთელ ქართველ ხალხს რომ გაეგონა უფლის ეს სიტყვები. მიუხედავად მრავალი ქარიშხლისა, რომლებიც თავს დაატყდა საქართველოსა და ჩვენს ეკლესიას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობის პერიოდში ვერცერთმა ამ ქარიშხალმა ვერ შეაშინა, ვერ შეარყია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი, მართავდა ეკლესიის ხომალდს ასეთი ურყევი რწმენით და შემართებით და ჩვენ, ყველას, მის სულიერ შვილებს, დაგვიტოვა გამართული, გაძლიერებული და გამრავლებული ეკლესია.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის დიდად ვმადლობთ მას, მთელი ქართველი ერი მადლობს და პასუხობს დიდი სიყვარულით, დაფასებით და ერთგულებით, რაც განსაკუთრებული ძალით გამოჩნდა მისი გარდაცვალების და დასაფლავების დღეებში.
დღეს შეკრებილნი ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი დიდი მეუფე და მამაი ჩვენი ილია, მისი ღვაწლი, მისი პიროვნება და გამოვხატოთ მადლიერება და სიყვარული მის მიმართ. ღმერთმა დალოცოს მისი სული და სასუფეველსა ცათა დაამკვიდროს, განუსვენოს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობის დღესასწაულს. წმინდა წინასწარმეტყველ ილიას ლოცვით, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ღმერთმა დალოცოს, დაიფაროს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!“, - იქადაგა პატრიარქმა შიომ.