Loading data...
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე ლევან მაისურაძემ შეცვალა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან მაისურაძემ ვაჟა სირაძე შეცვალა, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, გარდა ზემოთ ხსენებული ინფორმაციისა, ნათქვამია, რომ „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე;

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი;

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება ლევან მაისურაძეს, მან 1990 წელს დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გაიარა ევროკავშირის საერთაშორისო სამართლის პროგრამა (1994, გერმანია), ტრანსნაციონალური საგამოძიებო სემინარი (2001; ვაშინგტონი, აშშ).

1991-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, 1995-2000 წლებში იყო საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კრიმინალური პოლიციის ხაზით, 2001-2002 წლებში — ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსი, 2002-2004 წლებში — თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსი.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (2001) და II (2004) ხარისხის ორდენებით.