შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში იწყება ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“, რომლის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური
ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ანტინარკოტიკული ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ მომავალი თაობისთვის
ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
კამპანიის პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით 60 საჯარო სკოლაში, მართლწესრიგის ოფიცრები და მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები, მე-6, მე-9 კლასის მოსწავლეებთან, ერთობლივად გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენის, მისი მოხმარების პრევენციისა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრების გარდა, დაგეგმილია კომიქსების კონკურსის, სპორტული ღონისძიებებისა და სხვა შემეცნებითი აქტივობების ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოამზადეს მოსწავლეებთან შეხვედრის განახლებული მოდული, კოორდინირებულად იმუშავეს პრაქტიკული კომპონენტის ნაწილზე და ჩაატარეს სიმულაციური შეხვედრები.
პირველ ეტაპზე შეხვედრები – თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში გაიმართება.
კამპანიის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო.