შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ინტერპოლის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თბილისში გამართული ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი დონდოლაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-მდე ქვეყნის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა.
მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: იარაღით უკანონო ვაჭრობის ტრენდები, რეგიონში არსებული კრიმინალური სქემები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენს მონაწილე სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანი განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა.
გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ოპერატიული მოქმედებების განხორციელებაზე, ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაძლიერებასა და კოორდინაციის უზრუნველყოფის მეთოდებზე.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ინტერპოლი და მონაწილე ქვეყნები გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას, რათა შემდგომი ნაბიჯები იყოს შედეგებზე ორიენტირებული და იგი კოორდინირებულად წარიმართოს.