Loading data...
შალვა ოგბაიძე: სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდა

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პოზიტიურ მიმართულებებზე ისაუბრა.

როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, დღესდღეობით, დედაქალაქში კვლავ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაუფარავი რამდენიმე ზონა.

მათ შორის, ერთ-ერთი, კერძოდ, სოფელი გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე უკვე დაიფარა.

ახალი სამარშრუტო ხაზი N560 მოძრაობას დაიწყებს ალექსანდრე ყაზბეგისა და იმერეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, გაივლის ალექსანდრე ყაზბეგის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, 26 მაისის, დავით აღმაშენებლის, მიხეილ გამკაძის, გელა ოჩიაურის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩებს, შემდეგ ელეფთერ ანდრონიკაშვილის I შესახვევიდან დაუკავშირდება დავით სარაჯიშვილის გამზირს და მოძრაობას დაასრულებს სარაჯიშვილის გამზირის N47-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მისივე თქმით, პროცესი გრძელდება და ამ ეტაპზე მოხდება ავჭალა 2-ისა და სოფელი გლდანის ერთ-ერთი ქუჩის, კულა გლდანელის ქუჩის მოსახლეობის სატრანსპორტო ჰაბთან დაკავშირება.

„ამავდროულად იგეგმება სამოცდაათი 18 მეტრიანი ავტობუსის ხაზზე გაშვებაც, რაც გამოიწვევს გარკვეული რაოდენობის 10 და 12 მეტრიანი ავტობუსების გამოთავისუფლებას, ეს კი საგრძნობლად შეამცირებს მოლოდინის დროს იმ ადგილებში, სადაც მგზავრთა ნაკადი საკმაოდ დიდია“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

საკრებულოს წევრმა ასევე სატრანსპორტო საკითხთა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც კოლეგებმა უფასო და შეღავათიანი მგზავრობის თაობაზე მოისმინეს ინფორმაცია.

„ეს არის გამოხატული სოლიდარობა ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. მაგალითად, ერთი დღის მანძილზე ავტობუსებს 585 ათასი მგზავრი გადაჰყავთ, საიდანაც დაახლოებით 45 % უფასო და შეღავათიანი მგზავრია. იგივე მდგომარეობაა მიკროავტობუსებითა და მეტროსადგურებით მოსარგებლეების შემთხვევაშიც“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

დასასრულს, ოგბაიძემ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.