Loading data...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. რამდენიმე წუთის წინ ღვთით განისვენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ“ - ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა კლინიკასთან გააკეთა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ის 1977 წლის 25 დეკემბერს აირჩიეს. მისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში მოქმედი ტაძრებისა და მონასტრების რაოდენობა რამდენიმე ათეულიდან 1000-მდე გაიზარდა, ხოლო ეპარქიების რიცხვი 15-დან 47-მდე შეიცვალა. აღდგა და აშენდა მრავალი ეკლესია. ილია II აქტიურად იყო ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში და მონაწილეობდა ქვეყნისთვის საკვანძო მოვლენებში.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე  კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა უწმინდესის მდგომარეობა 17 მარტს დამძიმდა.