საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსების იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა
არასათანადო მოპყრობის აკრძალვის სასწავლო კურსი მოიცავს აღნიშნული პრინციპის ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, განხილულია არასათანადო მოპყრობის დეფინიცია და აკრძალვის ფარგლები, თავისუფლებააღკვეთილ პირთა პატიმრობისა და მოპყრობის სტანდარტები, ასევე არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პროცედურული გარანტიები და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულება.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სასწავლო კურსი მოიცავს ტრეფიკინგის დეფინიციებსა და საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს, მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და დახმარების მექანიზმებს, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თავისებურებებს, აგრეთვე მსხვერპლთა უფლებების დაცვას, კომპენსაციასა და საერთაშორისო დაცვისა და რეპატრიაციის საკითხებს. ყურადღება ასევე ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენას ტრეფიკინგზე და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევებს.
არასათანადო მოპყრობის აკრძალვის სასწავლო კურსის ფარგლებში გადამზადდება პროკურატურის 24 თანამშრომელი, ხოლო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე - 17 თანამშრომელი.
საქართველო ევროპის საბჭოს HELP-ის პლატფორმის წარმატებული ქვეყნების სიაშია. აღნიშნულ პროცესში საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში HELP-ის სასწავლო კურსების განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. 2016-2025 წლებში საქართველოს პროკურატურაში 31 სასწავლო კურსი წარმატებით განხორციელდა და 500-მდე თანამშრომელი გადამზადდა.
საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტია პროკურორთა კვალიფიკაციის განგრძობადი ამაღლება და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაცია. ამ მიმართულებებით სასწავლო კურსები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.