Loading data...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 10:00 საათზე წმინდა მოციქულთასწორ ნინოს საქართველოში შემობრძანების დღესთან დაკავშირებით, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში, ღია ტრაპეზზე შესრულდება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. წირვას აღასრულებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) მღვდელმთავრებთან ერთად.

12:30 საათზე პარაკლისს აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III.

მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში ღვთისმშობლის მოწოდებით დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.