საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში მხატვრის, ილუსტრატორისა და კალიგრაფის ოთარ მეგრელიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში მხატვრის, ილუსტრატორისა და კალიგრაფის ოთარ მეგრელიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბოლო პერიოდში შესრულებული ნახატები და კალიგრაფიის ნიმუშები. ნამუშევრების შექმნისას გამოყენებულია ქსოვილი, აპლიკაცია, ზეთისა და გუაშის საღებავები.
ოთარ მეგრელიძეს ილუსტრირებული აქვს საბავშვო ლიტერატურა როგორც ქართული, ისე უცხოური გამოცემებებისთვის.
2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, მისი კალიგრაფიული ნამუშევრები გამოფენილი იყო ოფენბახის შრიფტის მუზეუმში.
ოთარ მეგრელიძის კალიგრაფიით გადაწერილი „ცხოვრება მეფეთ მეფის დავითისი” დაცულია ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ერთ-ერთი ფერწერული ნამუშევარი დაცულია ცნობილი იაპონელი კოლექციონერის, ვან გოგის „მზესუმზირების“ მფლობელის ამიძაკის პირად კოლექციაში.
გამოცემული აქვს კალიგრაფიულად გადაწერილი და მხატვრულად გაფორმებული ხელნაწერი წიგნები: „ფსალმუნნი” და „ძველი პატერიკი”.
მხატვარს დიდი წვლილი აქვს შეტანილი არა მხოლოდ ქართული კულტურის განვითარებაში, არამედ საქართველოს ისტორიის, ქართული დამწერლობის, ქართული ტრადიციების პოპულარიზაციაში.
გამოფენა საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.
ხელოვნების სასახლე გამოფენას ათი დღის მანძილზე უმასპინძლებს.