საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მაგისტრალური გაზსადენის ინფრასტრუქტურის უმკაცრეს ინსპექტირებას ახორციელებს

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აცნობა გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ბერბუკში მდებარე შპს „საური“-ს (ს/ნ 218058786) ტერიტორიაზე კუსტარულად მოწყობილი ავტომობილებისთვის განკუთვნილი გაზგასამართი სადგურის ფუნქციონირების შესახებ.
ამავე ცნობით, კომპანიის თანამშრომლებმა მიღებულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება - მაგისტრალური გაზსადენის საგურამო-ვაყის მონაკვეთზე მობილიზებულ იქნა პირადი შემადგენლობა და სპეცტექნიკა, რომლებმაც შპს „საური“-ს ტერიტორიიდან დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით კიდევ ერთი უკანონო ობიექტი აღმოაჩინეს - კერძოდ, გაზის შემკრები ცისტერნები, წნევის მარეგულირებლები და მაღალი წნევის მილები, რომლებიც უკანონო მიერთების გზით შპს „საური“-ს კუთვნილ მილსადენს უკავშირდებოდა.
„ასევე, მიმდინარე ძებნა-კვლევითი სამუშაოების პროცესში აღმოჩენილ იქნა კიდევ ერთი უკანონო დაერთება საგურამო-ვაყა-ს მონაკვეთზე 700 მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე, რომელიც დასავლეთ საქართველოს ამარაგებს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მის მფლობელობაში არსებული მაგისტრალური გაზსადენის ინფრასტრუქტურის ინსპექტირებასა და საექსპლუატაციო პროცესის მონიტორინგს განაგრძობს, რათა დროულად გამოვლინდეს უკანონო დაერთებებისა და სხვა გადაცდომების შემთხვევები. კომპანია თანამშრომლობს სამართალდამცველ ორგანოებთან, რათა მონიტორინგის შედეგების შედეგად გამოვლენილი ყოველი კანონდარღვევა სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.