Loading data...
„სადგურის მოედანზე“ ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე აღნიშნავს, რომ სამძებრო სამუშაოების შედეგად, ინფორმაცია კიდევ ერთი პირის გარდაცვალების შესახებ დადასტურდა.

„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, დამატებით ნაპოვნია ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, ერთი გარდაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი. ვაგრძელებთ სამუშაოებს. შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებზე“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.

ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ასევე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ასევე, თბილისის მერი კახა კალაძე.

ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ჩამონგრეული მასის ადგილიდან გატანაზე მუშაობენ.

დიდუბის რაიონის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ამ დროის მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კორპუსი, სადაც ნგრევა მოხდა, იყო ავარიული, რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა უარი განაცხადეს.