საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს აქტიურად განაგრძობს.
ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუშია აღებული. ამ ეტაპზე 370 ნიმუშის კვლევის შედეგებია ცნობილი - ყველა მათგანი სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს შეესაბამება.
მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიულად მოწმდება სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).
დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.