Loading data...
რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით უფასო იქნება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

აქვე აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ავტობუსები იმოძრავებს სამუშაო დღეებში არსებული გრაფიკით.

„სამძიმარს ვუცხადებ და ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო. რუსთავი-თბილისის მარშრუტზე 21 და 22 მარტს მუნიციპალური ტრანსპორტი სრული დატვირთვით, როგორც სამუშაო დღეებში, ისე იმოძრავებს და ყველა მიმართულება იქნება უფასო. თბილისის მიმართულებით 16 ათასამდე მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. თბილისიდან ბოლო ავტობუსი შაბათს, ხუთივე მარშრუტზე ღამის 01:00 საათზე გამოვა“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.

გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, უფასო იქნება თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი და რკინიგზა. 

„საქართველოს რკინიგზა“ 21-22 მარტს რეისებს ამატებს და ილია მეორის პანაშვიდზე, ასევე, დაკრძალვაზე დასწრების მსურველებს რეგულარული და დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.