Loading data...
„რითეილ ასოციაცია“ საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: დავიწყეთ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები - ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას

„რითეილ ასოციაცია“ გაეცნო საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და მოიცავს რეკომენდაციებს საშუალო და გრძელვადიანი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, - ამის შესახებ „რითეილ ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ასოციაცია აღნიშნავს, კომისიის რეკომენდაციის ფარგლებში, მათთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, შესაბამისად, აღნიშნული გამოცდილების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მიდგომა, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.

ასოციაცია იმედოვნებს, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ საბაზისო პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.

„კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციების და საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში ჩვენთვის საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები, რომელიც არ ეფუძნება ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას, არამედ მათ გაძლიერებას კონკურენციის პრინციპების გამოყენებით. აღნიშნული გამოცდილებების საფუძველზე, სექტორის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს შესაბამისი მიდგომა, რომელიც საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევამდე, მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის.

აღნიშნულის ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.

„რითეილ ასოციაცია“ მზად არის გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნეს მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები“, - აღნიშნულია განცხადებაში.