Loading data...
აშშ გერმანიაში შეიარაღებულ ძალებს 5000 ადამიანით შეამცირებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა ერთი წლის განმავლობაში გერმანიიდან 5000 სამხედროს გაყვანის ბრძანებულება გასცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შეიარაღებული ძალების გაყვანა 6-12 თვეში დასრულდება“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, შონ პარნელმა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია „ევროპაში შეიარაღებული ძალების ყოფნის დეტალური შემოწმების შედეგად“.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2025 წელს ევროპაში დისლოცირებულ ამერიკულ ბაზებზე 68 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა, მათგან ნახევარზე მეტი, 36 400, გერმანიაში. ბერლინის კედლის დანგრევამდე და გერმანიის გაერთიანებამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 250 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გერმანიაში თავისი სამხედრო კონტინგენტის შემცირების საკითხს განიხილავს და რომ ეს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.