Loading data...
პორტუგალიის ბეჟას უნივერსიტეტისა და პოლონეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე ბეჟას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ მარია დი ფატიმა კარვალიოს, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს და პოლონეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ლევან უჯმაჯურიძემ, სტუმრებს დეტალურად გააცნო ჯიღაურას ბაზის განვითარების ისტორია, ცენტრის მიერ ვაზის უნიკალური გენეტიკური რესურსების მოძიებისა და დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, საკოლექციო ვენახის კვლევითი და საგანმანათლებლო დანიშნულება, ასევე, ის სამეცნიერო-პრაქტიკული პროექტები, რომლებიც მიმართულია აგროწარმოების მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილების პირობებში ადაპტაციისა და ადგილობრივი ჯიშების ფართო წარმოებაში ინტეგრაციისკენ.

ჯიღაურას ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გენეტიკური რესურსების გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს.

დაიგეგმა პორტუგალიაში, ბეჟას უნივერსიტეტის ბაზაზე ქართული ვაზის ჯიშებით საცდელი ვენახის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ვაზის პოპულარიზაციასა და გენეტიკური რესურსების საერთაშორისო დონეზე გავრცელებას.

თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმა ვიზიტი პორტუგალიაში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

ვიზიტის დასასრულს, გაიმართა ჯიღაურას ბაზაზე საკოლექციო ნაკვეთებიდან დამზადებული ღვინის ნიმუშების დეგუსტაცია, რომელსაც ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი დავით ჩიჩუა ხელმძღვანელობდა. სტუმრებმა დააგემოვნეს როგორც ქართული უნიკალური ვაზის ჯიშებისგან დაყენებული, ისე პორტუგალიური ჯიშებისგან დამზადებული ნიმუშები.