პოლონეთის საელჩო საქართველოში: თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ
საქართველოში პოლონეთის საელჩო თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ. დაშავებულებს ვუსურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე დროს თანავუგრძნობთ ქართველ ხალხს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.
დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.
მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.