ფონიჭალაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა
ფონიჭალაში ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
მანამდე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია უვნებლად ამოიყვანეს - სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გოგონა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ბავშვი კონტაქტურია, ჩაუტარდა კვლევები და სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.
ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. „უსინათლოთა დასახლების“ 5-სართულიან კორპუსში აფეთქება დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.
მრავალბინიან კორპუსში მეხანძრე-მაშველები მყისიერად მივიდნენ და მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო. სადარბაზოს მთელ ვერტიკალზე საყრდენი კედელი დაზიანდა, რის გამოც სამაშველო სამუშაოების ჩატარება გართულდა. მიუხედავად ამისა, ადგილზე სხვადასხვა სამსახურიდან 200-ზე მეტი ადამიანი იყო მობილიზებული — მაშველები, კინოლოგები, პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მერიის სამსახურები.
გავრცელებული ინფორმაციით, ბინაში შშმ პირი ცხოვრობდა, რომელმაც კლინიკაში გადაყვანამდე თქვა, რომ ღამით გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რაც ვერ მოახერხა, გაზის ონკანი კი გახსნილი დარჩა. დილით გამათბობლის ჩართვის მეორე მცდელობა ტრაგიკული შემთხვევით დასრულდა.
აფეთქებიდან მალევე ფონიჭალაში შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა. სულხან თამაზაშვილი ადგილზე მიმდინარე ძებნა-შველის ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა. სამაშველო ღონისძიებების პარალელურად, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში გამომძიებლებიც მუშაობდნენ - აფეთქების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.
ფონიჭალაში მივიდნენ „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებიც. მათი განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან დაკავშირებით არცერთი განაცხადი არ დაფიქსირებულა.
აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი პირი კლინიკებშია მოთავსებული. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87-პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები. კლინიკებში ასევე მოთავსებულნი არიან 38 წლის ქალი და მისი 11 წლის შვილი.
კორპუსში, სადაც ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, სულ 90 ოჯახი ცხოვრობს. დედაქალაქის მერიამ დილიდანვე გამოთქვა მზაობა მათი დროებით საცხოვრებელში გადაყვანის შესახებ. სამხარაულის ეროვნული ბიუროს პირველადი შეფასებით, კორპუსის 6 სადარბაზოდან ორი პრობლემურია, სასტუმროში კი 28 ოჯახის გადაყვანა გახდა საჭირო. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.