პაატა სალია: მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება, ეს თითოეული ქრისტიანის გულში დიდი ტკივილია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მისი უწმინდესობის სული მარად იქნება საქართველოს მფარველი
„პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო საქართველოს, ქართველ ერს, მთელ საქრისტიანოს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
მან ისაუბრა იმ ღვაწლზე, რომელიც ილია მეორეს ქვეყნის მიმართ ჰქონდა.
„რა თქმა უნდა, ეს თითოეული ქრისტიანის გულში დიდი ტკივილია, მაგრამ ამავდროულად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი უწმინდესობის სული მარად იქნება საქართველოს მფარველი ისევე, როგორც მთელი მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის პერიოდში, როდესაც ის იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ილია მეორის ღვაწლი ფასდაუდებელია. ჩვენ ყველას გვახსოვს ის ძნელბედობის პერიოდი, როდესაც საქართველომ გამოიარა სამოქალაქო ომი.
ჩვენ გვახსოვს მისი და თანადგომა და მისი მეთაურობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თანადგომა ქართველი ხალხის მიმართ. შეიძლება, ითქვას, რომ 1990-იან წლებში, სამოქალაქო დაპირისპირების შემდგომ ერთადერთი ნუგეში იყო ეკლესია, სწორედ ეკლესიამ მოახდინა ფორმირება და მას უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა გაჯანსაღდა და კიდევ უფრო ძლიერს ერად ჩამოყალიბებას შეუწყო ამ ყველაფერმა ხელი.
კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ საქართველოს, მთელ საქრისტიანოს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ღირსეულად გავაგრძელოთ ცხოვრება უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ“, - განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრი მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში მივიდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიაგო პატივი.