პაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე: ჯანმოს შეფასებით, რისკი რუსეთისთვის დაბალია, ევროპისთვის ძალიან დაბალი - ასე რომ, სანერვიულო არაფერია
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-სთან რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„რა მოხდა გაურკვეველია, მაგრამ ჯანმოს შეფასებით რისკი ირკუტსკისთვის საშუალოდან დაბალ რისკამდე, რუსეთისთვის დაბალი, ევროპისთვის ძალიან დაბალი. ასე რომ, სანერვიულო არაფერია, მოუვლიან ადგილზევე, დღეს შავი ჭირის შეჩერება პრობლემა არაა“, - აცხადებს პაატა იმნაძე.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა.
მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების რისკი დაბალია.