ირაკლი კობახიძე, პეტერ მადიარის მიწვევით, უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება
საქართველოს მთავრობის მეთაური, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება. უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღონისძიება დღეს გაიმართება. სტუმრებს სიტყვით მიმართავს მასპინძელი პრემიერ-მინისტრი.
დღეს, 23 ოქტომბერს, შანდორის სასახლეში - გაიმართება ოფიციალური მიღება, რომელზეც მიწვეულია 100-ზე მეტი უცხოელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, უნგრეთში 1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების 70 წლისთავს აღნიშნავენ. ბუდაპეშტში ღონისძიებები ტრადიციული მსვლელობითა და რევოლუციის ცეცხლის ანთებით გაიხსნა. ჩირაღდნებით მსვლელობას, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები მიუძღოდნენ. შეკრებილებმა ბუდაპეშტის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ზუსტად ის გზა გაიარეს, საიდანაც 70 წლის წინ სტუდენტური პროტესტი დაიწყო, რაც მეორე დღეს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საყოველთაო აჯანყებაში გადაიზარდა. მონაწილეებს ხელში ეჭირათ რევოლუციის მთავარი სიმბოლო - უნგრეთის დროშა ამოჭრილი შუაგულით, საიდანაც 1956 წელს დემონსტრანტებმა საბჭოთა გერბი ამოჭრეს.