Loading data...
ონლაინ რეჟიმში შესაძლებელია განცხადებებისა და სხვადასხვა ტიპის გარიგებების დამოწმება

„ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის განცხადება. მაგალითად, შეიძლება ერთი მშობელი იმყოფებოდეს უცხოეთში და მეორე მშობელს სჭირდებოდეს თავისი არასრულწლოვანი შვილის გაყვანა საზღვარგარეთ და აქედან გამომდინარე, სჭირდებოდეს მეორე მშობლის თანხმობა. აგრეთვე, შეიძლება დამოწმდეს ქონების გაყიდვაზე თანხმობა, პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სამკვიდრო განაცხადის მიღებაზე, ან უარის თქმაზე თანხმობა“, - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დავით იმნაძემ ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებების დამოწმების შესახებაც ისაუბრა და განმარტა სანოტარო მოქმედების სპეციალური წესი.

„შეიძლება ბინის მყიდველი იმყოფება ბათუმში, გამყიდველი - თბილისში. ორივე მიდის სანოტარო ბიუროში და ონლაინ რეჟიმში ჩართვით ხორციელდება ასეთი ტიპის გარიგება სანოტარო ფორმით. ერთი იქ მოაწერს ხელს ხელშეკრულებას, მეორე - მეორე ქალაქში. ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე, ასეთი მოქმედება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა დავით იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

დავით იმნაძემ განაცხადა, რომ ნოტარიუსთა პალატა, როგორც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივად ზრუნავს სერვისების ელექტრონული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.