ვოლოდიმირ ზელენსკი: აშშ-მა წამოაყენა იდეა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასი დათმოს
აშშ-ის მომლაპარაკებლებმა წამოაყენეს იდეა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ აღმოსავლეთ რეგიონი - დონბასი - დატოვოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოლაპარაკებების დროს ნატოს წევრობის ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირების საკითხი წამოიჭრა.
„ამერიკელებმა დასვეს კითხვა: „რა მოხდება, თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება? დატოვებს, თუ არა უკრაინა დონბასს?“ სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ნატოს საკითხი კვლავ დღის წესრიგში დაბრუნდა. თუმცა თქვენ ასევე მოისმინეთ [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ] პუტინის გზავნილები და ეს უკიდურესად რთული საუბარია“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პუტინი დიდი ხანია, აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოსკოვისთვის „წითელი ხაზია“. მან ეს საკითხი 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ კიევი ტერიტორიების დათმობისთვის მზად არ არის, თუმცა აღნიშნა, რომ თუ უკრაინა მიიღებს ყოვლისმომცველ პაკეტს — რომელიც მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, ძლიერი და კარგად დაფინანსებული უკრაინული არმიის ყოლის უფლებასა და ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო სახსრებს — მაშინ ის ამ საკითხს ეროვნულ რეფერენდუმზე გაიტანს.
ამასთან, ზელენსკიმ უარყო რუსეთის მოწოდება, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ ფართო შეთანხმება მანამდე გაფორმდეს, სანამ უკრაინაში ომის დასრულების კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმება მიიღწევა.
„არ შეიძლება, ყველაფერი თავდაყირა დავაყენოთ და საუბარი დავიწყოთ მსოფლიოში, ან მთლიანად კონტინენტზე უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ ამ ომის დასრულებაზე. უპირველეს ყოვლისა, ეს ომი უნდა დასრულდეს“, - განაცხადა მან.
ზელენსკიმ ასევე უარყო პუტინის წინადადება კონსტანტინოვკაში — უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის ოლქის ქალაქში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს — ადგილობრივი ჰუმანიტარული ზავის გამოცხადების შესახებ. მისი თქმით, ეს მიუთითებს მოსკოვის უუნარობაზე, ქალაქი ძალის გამოყენებით აიღოს. მან დასძინა, რომ ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის შესაძლებლობა უკვე ჰქონდა.
„პუტინს უბრალოდ სურს, რომ ჩვენ კონსტანტინოვკა დავტოვოთ, რათა მათ შეძლონ იქ შესვლა და ამგვარად მთელი ქალაქის ოკუპირება“, - აღნიშნა მან.