ნინო თანდილაშვილი სათემო ფორუმს - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა სათემო ფორუმი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩართულობისათვის, ასევე, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის და ყურადღება პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„აღნიშნული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირებას, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. მადლობა მინდა გადავუხადო კლიმატის მწვანე ფონდს, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციაა და აღნიშნულ პროექტსაც ძალიან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების პროგრამას საქართველოში პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის და შვეიცარიის მთავრობას პროექტის მხარდაჭერისათვის“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ბუნებრივი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
ამინდის პროგნოზირების თანამედროვე სისტემები მნიშვნელოვნად დაიხვეწა, რის საფუძველზეც იზრდება სახელმწიფოს ეროვნული შესაძლებლობები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზის, ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების პროგნოზირებისა და პრევენციის მიმართულებით.
„მოგეხსენებათ, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) თანამშრომლობს კლიმატის მწვანე ფონდთან, შვეიცარიის მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (MEPA), რათა ხელი შეუწყოს ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას და ქვეყნის მასშტაბით კატასტროფების რისკების
შემცირებას. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ადრეული გაფრთხილების სისტემების გარდაქმნას რეალურ და პრაქტიკულ სამოქმედო გეგმებად თემებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია სატელიტური მონაცემებისა და საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის
ინტეგრირება ადგილობრივ დონეზე მოქმედ ოპერაციულ სისტემებში, რაც ზრდის მზადყოფნასა და რეაგირების ეფექტიანობას“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში დაგლას უებმა.
სათემო ფორუმის ფარგლებში, პროექტის საგანმანათლებლო და სტრუქტურული ღონისძიებების, საფრთხეების პროგნოზირების, ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაძლიერების და საბაკალავრო გარემოსდაცვით პროგრამებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში მოდულის ინტეგრირების საკითხები განიხილეს.
სათემო ფორუმი, რომელსაც ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულები, 15 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ჩართული მხარეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყების გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.