Loading data...
აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები დაბომბა

აშშ-ის საჰაერო ძალებმა 19-20 დეკემბერს, ღამით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები დაბომბეს. იერიშები განხორციელდა ტერორისტული დაჯგუფების ინფრასტრუქტურაზე და იარაღის საწყობებზე. ამის შესახებ X-ში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ეს ობიექტები სირიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა, სულ 70 ობიექტი იყო განადგურებული, შეტევების დროს ავიაგამანადგურებლები, ვერტმფრენები და შორი მოქმედების რაკეტები იყო გამოყენებული.

ჰეგსეტის თქმით, ეს იერიშები იყო პასუხი „ბოევიკების“ მოქმედებაზე, რომლებიც სირიის უსაფრთხოების ძალების და ამერიკელი სამხედროების ერთობლივ პატრულს თავს დაესხნენ, რაც 13 დეკემბერს პალმირეში მოხდა. მაშინ დაიღუპა ორი ამერიკელი სამხედრო, თარჯიმანი და ორი სირიელი. სამი ამერიკელი სამხედრო კი დაიჭრა.

„ეს არ არის ომის დაწყება, ეს არის შურისძიება. თუ თქვენ თავს ესხმით ამერიკელებს, სადაც არ უნდა მოხდეს ეს ფაქტი, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი დარჩენილი ცხოვრების ნაწილს გაატარებთ იმ განცდაში, რომ აშშ თქვენზე ინადირებს, გიპოვით და უმოწყალოდ გაგანადგურებთ“, - განაცხადა ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ჰეგსეტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ თავდასხმაზე „ისლამური სახელმწიფო“ ძალიან სერიოზულ პასუხს მიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე იერიშები დამასკოსთან შეთანხმებულია და სირიის ხელისუფლება აშშ-ის ამ მოქმედებას არ ეწინააღმდეგება.