ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალებისა და ფინანსთა მინისტრების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ქალთა სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობის კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ისაუბრეს ქალების საბანკო მომსახურებასა და საბანკო დაფინანსებაზე ხელმისწავდომობის ზრდაზე, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემების, ელექტრონული გადახდის საშუალებებზე ხელმიწავდომობისა და კაპიტალის თანადაფინანსების საშუალებით.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე განიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ ინიცირებული მეწარმე ქალთა ფინანსებზე ხელმისწავდომობის პროგრამა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო მზად არის ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში და აქტიურად ითანამშრომლოს, რაზეც პროგრამის ინიციატორთა მხარდაჭერა დაიმსახურა.
შეხვედრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფინანსური სექტორის მმართველობაში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად სებ-მა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და განახლებული კორპორაციული მართვის კოდექსების მეშვეობით, როგორც კომერციული ბანკების, ისე მიკრობანკების სამეთვალყურეო საბჭოებში გენდერული კვოტებს რაოდენობა გაიზარდა.
„კომერციული ბანკებისთვის დავიწყეთ 20%-იანი კვოტით, რომელიც 2023 წელს 33%-მდე, ხოლო 2025 წლის ივნისში 40%-მდე გაიზარდა. მიკრობანკებისთვის მიზანი 2026 წლის ივლისისთვის 40%-ის მიღწევაა. ეს ზომები მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ქალები არა მხოლოდ წარმოდგენილნი იყვნენ ხელმძღვანელობაში, არამედ ჰქონდეთ პოზიცია, რომელიც საშუალებას მისცემთ, მონაწილეობა მიიღონ ფინანსურ ინსტიტუტებში ძირითადი გადაწყვეტილებებისა და სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ეროვნულ ბანკში ქალებს უკავიათ უფროსი და საშუალო რგოლის მენეჯერული პოზიციების 54%, ხოლო ცხრაწევრიანი საბჭოდან ხუთი ქალია.
მისივე თქმით, კორპორაციული მართვის კოდექსების განახლების შედეგად, სამეთვალყურეო საბჭოებში ქალთა წარმომადგენლობა სულ რაღაც 9%-დან 37%-მდე გაიზარდა.