WP: პუტინმა ტრამპთან საუბარში მოითხოვა, რომ ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინამ მთლიან დონეცკის რეგიონზე კონტროლი დათმოს

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას მოითხოვა, რომ ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინამ მთლიანი დონეცკის რეგიონზე კონტროლი დათმოს, - ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Washington Post-ს იტყობინება.
თანამოსაუბრეების თქმით, მთელი დონეცკის რეგიონის კონტროლის სანაცვლოდ, პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა დათმოს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილები, რომლებიც ნაწილობრივ რუსი ჯარების მიერ არის ოკუპირებული. თეთრი სახლის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ამას „პროგრესი“ უწოდა.
თუმცა, ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინელები ამას იმავენაირად შეხედავენ.
ოფიციალური პირები, ასევე, აცხადებენ, რომ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, შეხვედრის დროს უკრაინის დელეგაციაზე ზეწოლა მოახდინა დონეცკის რეგიონის მოსკოვის კონტროლის ქვეშ გადასაცემად. მან არგუმენტად გამოიყენა კრემლის ნარატივი, რომ რეგიონში ძირითადად რუსულენოვანი მოქალაქეები ცხოვრობენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი გარიგება რეალურად დონბასის ოკუპაციას ამყარებს და მოსკოვის ძველ მოთხოვნებს იმეორებს, მიუხედავად ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ საუბრისა.
უკრაინელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა იდეა მიუღებლად შეაფასეს. ერთ-ერთი დიპლომატის სიტყვებით, ეს „უკრაინელებისთვის საკუთარი ფეხის გაყიდვის მცდელობას ჰგავს“.
„უკრაინამ მხარი დაუჭირა ტრამპის მოწოდებას კონფლიქტის ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ვიდრე საომარი მოქმედებების უფრო მუდმივი შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება. ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ისინი აღიარებენ, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, შეინარჩუნებს დე ფაქტო კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომ ისინი ვაშინგტონისა და ევროპული ქვეყნებისგან უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს ეძებენ, რათა რუსეთმა ომი ვეღარ განაახლოს“, - დასძენს WP.