Loading data...
ნათია მოდებაძე „სადგურის მოედანზე“ მომხდარ ნგრევაზე: თბილისის მერიამ მოსახლეობას „ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, ძველის ადგილზე ახალი შენობის აშენება და ამ პერიოდის განმავლობაში, იქ მცხოვრებთა ქირით გაყვანა შესთავაზა

ნათია მოდებაძე

„პირველ რიგში, ვწუხვარ დიდუბის რაიონში მომხდარი ინციდენტის გამო და სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს“, - თბილისის საკრებულოს წევრი ნათია მოდებაძე „სადგურის მოედანზე“ მომხდარ შემთხვევას ეხმიანება და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, თბილისის მერიამ საკითხის მოკვლევა 2024 წლის 19 სექტემბრიდან, 112-დან შესული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. 

„საკითხთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ 2024 წლის 19 სექტემბერს, 112-დან შესული ინფორმაციის საფუძველზე, თევდორე მღვდლის ქუჩა N10-ში, სადაც ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა დიდი ზომის ნაპრალი, გავიდნენ დიდუბის გამგეობის წარმომადგენლები. მათ დაათვალიერეს შენობა და იქ მცხოვრებლებს შესთავაზეს შენობის დაცლა, რაზეც მცხოვრებლებმა განაცხადეს უარი და აღნიშნული დაადასტურეს ხელმოწერით.

2024 წლის 13 დეკემბერს ამავე საკითხზე, უკვე გამგეობაში გაიმართა თათბირი, რომელსაც ესწრებოდა ყველა მხარე. მცხოვრებლებთან გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კორპუსის საკითხი. აღინიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების მიუხედავად, კორპუსი კვლავ რჩებოდა საფრთხის შემცველად და კვლავ გამაგრება აღარ იქნებოდა ეფექტური, ამისათვის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ მოსახლეობას შესთავაზა „ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, ძველის ადგილზე ახალი შენობის აშენება და ამ პერიოდის განმავლობაში, იქ მცხოვრებთა ქირით გაყვანა.

ორმხრივი დიალოგის შემდეგ, თათბირის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ბინათმესაკუთრეებს უნდა წარმოედგინათ შესაბამისი განცხადება კორპუსში მცხოვრებთა 100%-იანი თანხმობით. მიუხედავად იმისა, რომ გამგეობის წარმომადგენლები დღემდე მუშაობდნენ ამ საკითხზე, შენობიდან გაყვანას მხოლოდ ორი ოჯახი დასთანხმდა და ამ დრომდე, ვერ მოხერხდა მცხოვრებთა შორის 100%-იანი თანხმობა, კორპუსის ახლით ჩანაცვლებისა.

ჩემი ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობაში არსებობს დათვალიერების, თათბირის და უარის შესახებ განცხადებების ოქმები. დღეს გვაქვს მდგომარეობა, რომ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებს მაინც უწევთ შენობის დაცლა. თბილისის მერია მათ დააბინავებს და დაუფარავს ქირას იქამდე, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და არ მოხდება კორპუსის ახლით ჩანაცვლება.

ჩვენს სიცოცხლეზე, სახელმწიფოსთან ერთად, პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანსაც გვეკისრება. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს საკუთარი უფლებების და მოვალეობების შესრულებას - პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს სხვების ინტერესებს, სიფრთხილით მოეპყროს საზოგადოებრივ სიკეთეებსა და ქონებას, იზრუნოს მათ გაუმჯობესებაზე. ეს როლი ბუნებრივია, ნებაყოფლობითია, თუმცა საზოგადოებებში, რომელთა მოქალაქეებიც პირადი პასუხისმგებლობით არიან განმსჭვალულნი, ცხოვრება გაცილებით მშვიდობიანი და სასიამოვნო იქნებოდა. სხვა დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, - წერს ნათია მოდებაძე სოციალურ ქსელში.