მსოფლიო ბანკის „Bluening the Black Sea“ (BBSEA) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) პარტნიორობით, ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მსოფლიო ბანკის „Bluening the Black Sea“ (BBSEA) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) პარტნიორობით, ქ. ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც შავი ზღვის დაბინძურების პრობლემებსა და მისი შემცირების გზებზე იყო ფოკუსირებული. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს დაინტერესებული მხარეებისთვის პროგრამის ,,შავი ზღვის გალურჯება” (BBSEA) ფარგლებში, ჩატარებული კვლევის - „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ ანგარიშის გაცნობა, ცოდნის გაზიარება, მუნიციპალიტეტების პრიორიტეტებისა და გამოწვევების, ასევე, სამომავლო გეგმების განსაზღვრა წარმოადგენდა.
სიტყვით გამოსვლის დროს, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის, კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს (RECC) შეხვედრის ორგანიზებისთვის და ყურადღება ქვეყანაში პლასტიკის ნარჩენების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული პლასტიკის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაში. კვლევამ ცხადყო, რომ შავი ზღვის ნაპირის დაბინძურება პლასტიკური ნარჩენებით საკმაოდ მაღალია; ასევე მაღალია მდინარეების დაბინძურების ხარისხი. ჩვენ მზად ვართ, კერძო სექტორთან დავიწყოთ დისკუსია, რომ შევამციროთ პლასტიკის მოხმარება. ამავდროულად, გვინდა საზოგადოებას შევთავაზოთ ალტერნატივები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის სახით, რომელიც ჩაანაცვლებს პლასტიკს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, გარემო გავწმინდოთ პლასტიკის ნარჩენებისგან, მოვახდინოთ მათი რეციკლირება, რასაც ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმა და ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგია ითვალისწინებს“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი სპეციალისტის, კლაუს სატლერის განცხადებით, ხაზგასასმელია სახელმწიფოს მკაფიო დამოკიდებულება პრობლემისადმი, რაც უმნიშვნელოვანესია პლასტიკის ნარჩენებით შავი ზღვის დაბინძურების შესამცირებლად.
„შავი ზღვის დაცვა საქართველოსთვის პრიორიტეტია. მსგავსი შეხვედრები მთავრობას, საერთაშორისო პარტნიორებსა და მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას გვაძლევს, ერთობლივად შევიმუშაოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს პლასტიკით დაბინძურებას“, – აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძემ.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო კვლევები ქვეყანაში პლასტიკის დაბინძურების ცხელი წერტილებისა და ნარჩენებით დაბინძურების დინამიკის შესახებ.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბათუმში გამართულ შეხვედრას საქართველოს მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.