მიხეილ სარჯველაძე დუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციაზე: კარგად მესმის იმ დრამატული ემოციების, რომელიც აქვთ პაციენტებსა და მათ მშობლებს, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე „ღია ეთერში“ დუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე დღეში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.
„მინდა გამოვეხმაურო დუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც ვნებათაღელვის საგანი გახდა, ბოლო დღეების განმავლობაში.
ძალიან რთულ საკითხზე გვიწევს საუბარი, როდესაც დუშენის სინდრომზე ვსაუბრობთ, ეს უმძიმესი მდგომარეობაა, უმძიმესი დიაგნოზია და არ მინდა არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნას დამოკიდებულებებსა და პოზიციებთან დაკავშირებით.
ძალიან კარგად მესმის იმ დრამატული ემოციებისა, რომელიც აქვთ პაციენტებსა და მათ მშობლებს. აუცილებლად, ამ რამდენიმე დღეში, რამდენიმე დეტალი უნდა დავაზუსტოთ და საზოგადოებას აუცილებლად მოვახსენებ ზოგადად ამ საკითხის ირგვლივ ყოველი ფაქტის გაშუქებით, ყოველი კლინიკური დასკვნის, ყოველი გარემოების, რომელსაც მნიშვნელობა აქვს და იმავდროულად ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხალხი, ვინც დღეს ცდილობს პაციენტისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას, ამ სიყალბეს ფარდა რომ ავხადოთ. ეს იქნება აუცილებლობა, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.