მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლების მიზანი არ არის ვინმესთვის წნეხის შექმნა - პრივილეგიას ვითხოვთ საქართველოს მოქალაქისთვის
„გულის სიღრმეში მაქვს განცდა, რომ ყველა ჩვენი ოპონენტი გვეთანხმება. ყველას გაუჭირდება განცხადების გაკეთება იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი საქართველოს სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
სარჯველაძის თქმით, ხელისუფლების მიზანი არ არის ვინმესთვის წნეხის შექმნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს მხარში დაუდგეს ბიზნესს და ის იყოს სასარგებლო საქართველოს მოქალაქისთვის.
„თუ ვამბობთ, რომ განსაკუთრებული ზრუნვის საგანი არის საქართველოს მოქალაქე. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ნებისმიერი სიკეთე, რაც ქვეყანაში იქმნება, იდგეს იმ სამსახურში, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქე ჰქვია. უნდა ვეცადოთ, ეს ისე ლოგიკურად და გონივრულად გავაკეთოთ. არ მოგვივიდეს ისე, რომ ყველა ქართველს ჰქონდეს დასაქმების შესაძლებლობა და ამის გამო იმხელა პრობლემა შევუქმნათ ბიზნესს, რომ ამის გამო გაჩერდეს და მერე დასაქმების ადგილების პრობლემა შეიქმნას. წნეხის შექმნა ჩვენი მიზანი არ არის, ერთადერთი პრივილეგიას ვითხოვთ საქართველოს მოქალაქისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.