Loading data...
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში, შეცდომის დაშვების რისკი მაღალია

ეს არ არის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში, შეცდომის დაშვების რისკი მაღალია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან პრაქტიკაში არსებული გამოცდილების, კლინიკური შედეგებისა და რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაციის გაცვლა, ანალიზი.

ჯანდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს, ასევე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო იშვიათი დაავადებების სამკურნალო ახალ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის საკითხი და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აქვს ევროპულ, წამყვანი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებსაც, რაც დამატებითი დიალოგისა და ინფორმაციის გაცვლის საჭიროებას ქმნის.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, საკითხზე მუშაობა პროფესიულ, კონსტრუქციულ ფორმატში გაგრძელდეს, რათა გადაწყვეტილებები რაციონალურ შეფასებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იყოს მიღებული.