მიხეილ სარჯველაძე - დღეს საქართველოს პრაქტიკულად აქვს მარეგულირებელი ჩარჩო, ჩვენს ბაზარზე არც ხვდება და არც იწარმოება მედიკამენტი, რომელიც თავსებადი არ არის ძალიან მაღალ სტანდარტებთან
„მნიშვნელოვანი წელი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამოქმედდა ახალი სტანდარტები, რომელმაც გაცილებით მაღალი მოთხოვნები წაუყენა საქართველოს ბაზარზე არა მხოლოდ წარმოებულ, არამედ იმპორტირებულ მედიკამენტებსაც“, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. პრაქტიკულად, დღეს საქართველოს აქვს მარეგულირებელი ჩარჩო, რომლის მიხედვითაც ისეთი მედიკამენტი, რომელიც, მაგალითად, ევროპული ქვეყნისთვის არ არის მისაღები, პრაქტიკულად, ამ ბაზარზე არ ხვდება. ამ ბაზარზე არც იწარმოება და არც ხვდება არცერთი ისეთი მედიკამენტი, რომელიც ამ შემთხვევაში თავსებადი არ არის ძალიან მაღალ სტანდარტებთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო გააგრძელებს ამ პროცესებზე დაკვირვებას და ექნება მცდელობები, რაც შეიძლება, მეტად გაიზარდოს ხელმისაწვდომობა ამ ფასებზე და მედიკამენტებზე საზოგადოდ.
„ბუნებრივია, ამ პროცესში მაქსიმალურად შევეცდებით, დაბალანსებული მიდგომები იყოს, ერთი მხრივ, ბიზნესიც გაუმართლებლად ზედმეტად არ ზარალდებოდეს, მეორე მხრივ, აუცილებლად იყოს სამართლიანი პირობებით ოპერირება, არ არსებობდეს არც კარტელური გარიგება და ა.შ. არადა, სამწუხაროდ, იყო წლები, როდესაც ეს იყო მანკიერი პრაქტიკა. მე მაინც ვარაუდით გამოვალ და ვიტყვი, ვშიშობ, გარკვეული კუდები შეიძლება, ჰქონდეს დარჩენილი ამ მანკიერ პრაქტიკას და ვეცდებით, ეს გამოვასწოროთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.