Loading data...
მეუფე შიო პატრიარქზე: ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება

„ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. რამდენიმე წუთის წინ ღვთით განისვენა სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი“ - ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა. 

მეუფე შიომ პატრიარქის გარდაცვალების გამო, მთელ საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ილია მეორემ მთელი ეპოქა შექმნა.

„უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა მივუსამძიმრო ყოველ ქართველს, ჩვენ საქართველოს, ჩვენს ეკლესიას და  მთელს საქრისტიანოს. მთელი ეპოქა შექმნა.

ძალიან რთულია საუბარი, იმდენად დიდ პიროვნებაზე ვსაუბრობ. მისი მეშვეობით, ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის. კიდევ ერთხელ მინდა მოგისამძიმროთ ყველას, მთელ საქართველოს. მაგრამ ასეთი დიდი ადამიანები, როდესაც გვტოვებენ არის, ასევე, ნუგეში იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი - მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება.

მთელმა ჩვენმა შეგნებულმა ცხოვრებამ მის ეპოქაში გაიარა, მისი აღზრდილები ვართ. ღმერთმა გაგვაძლიეროს. იმედი მაქვს, რომ მისი მფარველობა და ლოცვა გაგრძელდება და განაპირობებს ჩვენი ხალხის და ქვეყნის სიყვარულს, როგორც სულიერს, ასევე სახელმწიფოებრივს. ღმერთმა აცხონოს მისი სული და მისი წმინდა ლოცვები ყველას შეგვეწიოს“ - განაცხადა მეუფე შიომ.