მეტყევის დღეს ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სფეროს წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეტყევის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სხვადასხვა უწყების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საქმეში მათი ყოველდღიური შრომისა და პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოში სატყეო რეფორმა 2013 წლიდან მიმდინარეობს და მისი მთავარი მიზანი საქართველოს ტყეების მდგრადი მართვა, აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა. მეამაყება, რომ თქვენთან ერთად საფუძველი ჩავუყარეთ უპრეცედენტო და ყოვლისმომცველ ცვლილებებს, რომელთა მსგავსი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ეს არის საქმე არა მხოლოდ ტყის, არამედ ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის მომავლისთვის. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ საქართველოს ტყეებზე - ტყის მცველების, მეტყევეების, სპეციალისტებისა და მეცნიერების. მოხარული ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს შესაძლებლობა მაქვს, დავაჯილდოო ტყის სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი პროფესიული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის სატყეო სფეროს განვითარებაში. თქვენი სახით ტყეს საიმედო პატრონი ჰყავს, ხოლო თქვენ, სამინისტროს სახით, ღირსეული პარტნიორი და ქომაგი“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
წლების განმავლობაში ტყის სექტორში წარმატებული საქმიანობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და აჭარის ა/რ სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს სამკერდე ნიშნები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ სატყეო დარგში მოღვაწე სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, დარგის ღვაწლმოსილ მეტყევეებს „დამსახურებული მეტყევის“ სტატუსი მიენიჭათ და სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიებაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა სატყეო რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. აღინიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებაა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ვიდეორგოლის - „სატყეო რეფორმა 2026“ პრეზენტაცია.
სატყეო რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტყის დაცვისა და მონიტორინგის სისტემა. უკანონო ჭრების პრევენციისა და ტყის დაცვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 1.7 მილიონზე მეტი ჰექტარი 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცათ. ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი თანამშრომელი დაემატა, მათ შორის 401 ტყის მცველი. შედეგად, ერთ ტყის მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტარიდან საშუალოდ 2 000 ჰექტარამდე შემცირდა, ხოლო ტყის მცველთა ხელფასი მიმდინარე წლის იანვრიდან გაორმაგდა. ტყის დაცვისა და მონიტორინგის თანამედროვე მოდელის ფარგლებში, მონიტორინგი სრულად გაციფრულდა. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას გამოიყენება პლანშეტები, სამხრე კამერები, რაციები და ფოტოხაფანგები, რაც ტყის ფიზიკური დაცვისა და კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეებისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.