Loading data...
მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი მცირეწლოვნის გადარჩენის შესახებ: ეს იყო წარმოუდგენელი, დაუვიწყარი და ისეთი რამ, რისი მოყოლაც სიტყვებით ფიზიკურად არ შემიძლია

მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი, რომელმაც 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 3 წლის თაია გადაარჩინა, მომხდარს „იმედის დღეში“ იხსენებს.

მისი თქმით, იმ ემოციების აღწერა, რომლებსაც იმ მომენტში თითოეული მეხანძრე-მაშველი განიცდიდა, შეუძლებელია.

„მინდა მეც სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს. მინდა მათ ვუსურვო გამძლეობა. რაც შეეხება იმ ემოციებს, რომლებიც გუშინ ჩვენ, მეხანძრე-მაშველებმა, იქ განვიცადეთ, ეს იყო წარმოუდგენელი, დაუვიწყარი და ისეთი რამ, რისი მოყოლაც სიტყვებით ფიზიკურად არ შემიძლია.

ვერ გადმოვცემ, რა განვიცადე და რა ვიგრძენით თითოეულმა მეხანძრე-მაშველმა იმ მომენტში. ის სიტყვები, რომლებსაც მე ვამბობ და არა მხოლოდ მე, იქ მყოფი სხვა მეხანძრე-მაშველებიც, გულიდან ამოსული სიტყვები იყო. ეს მომენტი და სიტუაცია თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გავიაზრეთ და საკუთარ ემოციებს მივყევით“, - აღნიშნა გიგაშვილმა.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.